თბილისის მშრალ პორტში ელიან, რომ რკინიგზის გავლით შუა დერეფნის გამოყენება გაიზრდება. როგორც თბილისის მშრალი პორტის გენერალური დირექტორი "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში საუბრისას განმარტავს, დღეისათვის ვითარების პროგნოზირება ჭირს, თუმცა ირანში არსებული საომარი მოქმედებები უკვე ასახულია გადაზიდვების ფასებზე.
"პროგნოზებზე და სცენარებზე საუბარი რთულია, თუმცა არსებული ვითარება მშრალ პორტზე მოახდენს იმ გავლენას, რასაც ზოგადად ლოგისტიკის სექტორზე. უარყოფითი გავლენები უკვე სახეზეა. სატვირთო გადაზიდვების ღირებულება გაძვირებულია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე გრძელვადიანი იქნება თუ მოკლევადიანი ეს კონფლიქტი. უკვე გამოცდილებითაც ვიცით, რომ ფასების ზრდის ტემპი ყოველთვის სწრაფია და ნორმალიზება ბევრად უფრო ნელი. იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება მინიმუმ რკინიგზით შუა დერეფნის გამოყენება და ალბათ, გაიზრდება, ამას შესაბამისი გავლენა ექნება მშრალ პორტზეც,"-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მშრალი პორტით უკვე რამდენიმე კატეგორიის სატრანზიტო ტვირთმა გაიარა.
"მოვახერხეთ დაფუძნება, როგორც სანდო ლოგისტიკურმა ცენტრმა, თუმცა რა თქმა უნდა, მშრალი პორტი წარმოადგენს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს. უკვე რამდენიმე კატეგორიის სატრანზიტო ტვირთმაც გაიარა მშრალი პორტი,"-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.